ნეტგაზეთი | “ქურდული სამყაროს” საქმეზე ბრალი 10 პირს წაუყენეს “ქურდული სამყაროს” საქმეზე ბრალი 10 პირს წაუყენეს – Netgazeti
RU | GE  

“ქურდული სამყაროს” საქმეზე ბრალი 10 პირს წაუყენეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “კანონიერი ქურდობის”, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვისა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ბრალი, ჯამში, 10 პირს წაუყენეს.

უწყების ცნობით, თბილისსა და აჭარის რეგიონში 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წაუყენეს:

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს., 1976 წელს დაბადებული ვ.წ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ქ., 1982 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მ.მ.-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა” ,- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად “ხონსკის” , 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად “კუსას” და “ქურდული სამყაროს” წევრს – 1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

შსს-ს თქმით, ჯეირან კინწურაშვილსა და თამაზ ქარცივაძეს ბრალი ედებათ „კანონიერ ქურდობაში“, რ.პ.-ს, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, ლ.დ.-ს., ი.ა.-ს და მ.მ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრობაში, ვ.წ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრისთვის ან “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვაში, ხოლო ა.ს.-ს – “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ბრალდებულების ნაწილი – „ქურდული სამყაროს“ წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებ, ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ჯეირანას“, და თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ “კანონიერ ქურდებს” უკავშირდებოდნენ.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს “კანონიერი ქურდობის”, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვისა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.