ახალი ამბები

სუს-ს აინტერესებდა, სიუჟეტი ჩვენი ინიციატივით გაკეთდა თუ დაგვავალეს – მელაძე

24 ივნისი, 2020 • 1864
სუს-ს აინტერესებდა, სიუჟეტი ჩვენი ინიციატივით გაკეთდა თუ დაგვავალეს – მელაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ტვ პირველის” მთავარი პროდუსერის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებდა, როდის გაიგო ინფორმაცია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მომზადებაზე. ამასთან, ტელევიზიამ ამ თემაზე სიუჟეტი საკუთარი ინიციატივით მოამზადა, თუ ვინმეს თხოვნით ან დავალებით.

ამასთან, როგორც მელაძე ამბობს, სუს-ში დაინტერესდნენ, კიდევ ხომ არ გეგმავენ სიუჟეტის მომზადებას ამ თემაზე და, შესაბამისად, ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას. მელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წყაროს გამხელას არ აპირებს და ეს უთხრა გამომძიებელსაც.

“ასევე აინტერესებდათ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკა მოხდებოდა. ასევე, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში და გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია. ყველა ამ კითხვაზე არის ერთი პასუხი, სისხლის სამართლის საპროცესო 50-ე მუხლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ”, – განაცხადა მელაძემ.

გუშინ, 23 ივნისს, ცნობილი გახდა რომ ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მელაძის თქმით, სუს-ში მისი დაბარება მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხებოდა, სადაც ჩაწერილი ჰყავდათ სავარაუდო ბრლადებულის ძმა, ასევე, ძმის მონათხრობზე დაყრდნობით, გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს. ძმა სიუჟეტში ამბობდა, რომ კადრებში ვასამბეკ ბოკოვი ვერ ამოიცნო. მელაძის თქმითვე, სუს-ში ასევე დაბარებულია “ტვ პირველის” ჟურნალისტი და ამ სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძეც.


15 ივნისს “ფორმულამ” და შემდეგ “მთავარმა არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მხოლოდ დღეს თქვეს, რომ მკვლელეობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი