ახალი ამბები

ხალხის ქაოსური მოძრაობის აღსაკვეთად გლდანში ტროტუარზე ღობეები მოეწყობა – კალაძე

24 ივნისი, 2020 • 1704
ხალხის ქაოსური მოძრაობის აღსაკვეთად გლდანში ტროტუარზე ღობეები მოეწყობა – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და მცირე დეტალებია დარჩენილი.

კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გლდანში, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარედ, ტროტუარებთან ღობეები მოეწყობა, რათა მოქალაქეების ქაოსური გადაადგილება აღიკვეთოს:

“გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშოები დასრულებულია. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. თუმცა არის დარჩენილი მცირე დეტალები, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, პატარა მონაკვეთები არის დარჩენილი, ასევე, ავტობუსების გაჩერებების მონტაჟი.

პარალელურად მიმდინარეობს მეტროს მიმდებარედ, ტროტუარებთან ღობეების გაკეთება იმისთვის, რომ ადამიანების მიერ გზის ქაოსური გადაჭრა თავიდან იყოს აცილებული. იქნება სპეციალური ზებრა გადასასვლელები, რომლითაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, მოწესრიგებულად გადავიდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე. დაიხაზება გზები. ველოდებით LED სანათებს, რომელიც გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდება, შემოდგომაზე კი გამწვანებით სამუშაოებს დავიწყებთ”, – ამბობს კალაძე.

გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ სამუშაოების დასრულების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი