ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

23 ივნისი, 2020 •
კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ზურაბ ხაჩიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი საავადმყოფოში პნევმონიითა და ტემპერატურით მივიდა, ტესტირების შემდეგ კი  Covid-19  დაუდასტურდა.

“პაციენტი თბილისში, ინფიქციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენთან რომ მოვიდა, სიცხე ჰქონდა. რადგანაც აღმოჩნდა რომ ორმხრივი პნევმონიაც ჰქონდა, მაშინვე ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა. ამასთან, ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტიც. PCR ტესტი ჩვენს საავადმყოფოში გაკეთდა, რადგან ე.წ. ცხელების ცენტრი ვიყავით, სანამ ამის საჭიროება არსებობდა. ჩვენთან გაკეთებული ტესტი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და დღეს დილით დადებითი პასუხი მოვიდა”,-აცხადებს ზურაბ საჩიშვილი.

ექიმი გვეუბნება, რომ პაციენტის ინფიცირების წყაროზე ინფორმაცია არ აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ინფიცირების შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა, ხოლო მისი ინფიცირების წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

22 ივნისის 13:30 საათის მონაცემებით,  ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი, ამ დროისთვის, 911-ს აღწევს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ზემოთ ხსენებული 3 ადამიანიდან 2-ის ინფიცირების წყარო ცნობილია.

stopcov-.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 768 გახდა. ამ დროისთვის, უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი და ის 14-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი