ახალი ამბები

ვისთან (არ) აწარმოებს მოლაპარაკებებს მარგველაშვილი

23 ივნისი, 2020 • 2134
ვისთან (არ) აწარმოებს მოლაპარაკებებს მარგველაშვილი

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ჩართულია ისეთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანების პროცესში, რომლებსაც “ქართული ოცნებისა” და წინა ხელისუფლების ალტერნატივად მოიაზრებს.

თუმცა მარგველაშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს მათი დასახელებისაგან, ვისთანაც კონსულტაციებს აწარმოებს. ჯერჯერობით ასეთ ძალებს შორის მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” ახსენა. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, ვისთან და რა ფორმატში გეგმავს მარგველაშვილი ძალების კონსოლიდაციას და იმ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს დაუკავშირდა, რომლებიც ერთიან ოპოზიციურ პლატფორმაში არ შედიან ან/და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავენ.

პოლიტიკურ მოძრაობა “ლელოში” მარგველაშვილთან კონსულტაციების შესახებ დამატებით დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების მიმდინარეობა შეუძლია დაადასტუროს, თუმცა მოლაპარაკებები ამ დროისთვის კონკრეტულ საკითხებს არ ეხება:

“მასთან მიდის მოლაპარაკებები. რაიმე კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ არის კონკრეტულ საკითხებზე. ხედვების და უფრო მსხვილი საკითხების თვალსაზრისით, ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს. ძალიან სერიოზული კრიზისი გვაქვს [ქვეყანაში] და მის დაძლევას სჭირდება ძალების გაერთიანება”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც ცნობილია, “ლელოში” გიორგი მარგველაშვილის არაერთი ძველი თანაგუნდელი ირიცხება: ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, ფიქრია ჩიხრაძე, სოფიო შამანიდი – ყველა მათგანი მუშაობდა თავის დროზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილის პრეზიდენტობისას.

მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ამ კონტექსტში ყველაზე ხშირად სწორედ ლელოს ახსენებენ, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბარში ანა ნაცვლიშვილმა უარყო კვირიკაშვილთან კონსულტაციები და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ვერაფერს იტყვის.

რამდენიმე დღის წინ ახალი პოლიტიკური ცენტრის კონტურები გამოიკვეთა, როდესაც ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მარგველაშვილს ამ ჯგუფის წარმომადგენლებთანაც აქვს წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება, ანა დოლიძე მისი პრეზიდენტობისას საპარლამენტო მდივანი იყო, ხოლო ალეკო ელისაშვილი – შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი.

ნეტგაზეთმა ელისაშვილთან, დოლიძესა და კობერიძესთან გასაუბრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ჩვენ გვაინტერესებდა, არიან თუ არა ისინი მარგველაშვილის მიერ დასახელებული პროცესის მონაწილეები. თუმცა “ლელოსთან” კონსულტაციები დაადასტურა ალეკო ელისაშვილმა გუშინ, 22 ივნისს, ტვ პირველის ეთერში.

“ლელოსთან“ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ეს რაში ჩამოყალიბდება – არ ვიცი. შეიძლება არაფერი აქედან არ გამოდნეს, შეიძლება გამოდნეს. უბრალოდ, გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – ამბობს ელისაშვილი ტვ პირველთან და დასძენს, რომ მანამდე ლელოს დამფუძნებელბთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან პირადი კონტაქტი არასდროს ჰქონია, თანამშრომლობამდე კი ჯერ კარგად უნდა გაიცნოს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ყოფილი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაარსებულ ახალ პარტიას “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”, რომელიც მარიამ ჯაშს, გედევან ფოფხაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ბექა ნაცვლიშვილს აერთიანებს, “ლელოსთან” რაიმე ტიპის კონსულტაციებს გამორიცხავენ.

ახალი პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მათი პარტიისთვის ღირებულებების თანხვედრაა მნიშვნელოვანი, რაც “ლელოს” შემთხვევაში ვერ მოხდება:

“არამხოლოდ “ქართული ოცნება” და “ენმ” არის ამ ქვეყნის პრობლემა, პრობლემაა, როცა ერთიანდებიან პარტიები, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი ერთობა არ გააჩნიათ. ჩვენ “ლელოსთან” არანაირი მსოფლმხედველობრივი თანხვედრა არ გაგვაჩნია. აქედან გმაომდინარე, გიორგი მარგველაშვილს რაც არ უნდა უნდოდეს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენად მსოფლმეხდველობრივად თანხვედრაში მოვა ის საკითხი, მომავალში როგორ ვუყურებთ ამ ქვეყნის განვითარებას. მამუკა ხაზარაძესთან ერთად ამ ქვეყნის მომავალ განვითარებას ვერ ვხედავ”, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი პარტია კონსულტაციებს არცერთ სხვა ძალასთან არ აწარმოებს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მზადაა ესაუბროს იმ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებიც არც “ქარულ ოცნებასთან” და არც ოპოზიციურ პლატფორმასთან (ლეიბორისტების ოფისში მიმდინარე შეხვედრები) დაკავშირებული არაა და მათ ღირებულებებს იზიარებს.

ამ კონსულტაციებში მონაწილოეობას არ იღებს არც ეკა ბესელია, რომელმაც “ნეტგაზეთთან” თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს, თუმცა ოლქებში, სადაც ოპოზიციის საერთო კანდიდატი მისთვის მისაღები იქნება, თავად მაჟორიტარს არ წარადგენს:

“მე არ მქონია მარგველაშვილთან არანაირი კონსულტაცია, “ლელოს” წარმომადგენელთან მე მაქვს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე, თუმცა, არა ერთად არჩევნებში გმაოსვლაზე, რადგან დამოუკიდებლად ვაპირებ არჩევნებზე გამოსვლას, არამედ კონსულტაციების და ზოგად საკითხებზე გვაქვს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა”, – ამბობს ბესელია.

დავით ჭიჭინაძე კი, რომელმაც “ქართული ოცნებიდან” გამორიცხვის შემდეგ პარტია “ტრიბუნა” დააფუძნა, აცხადებს, რომ არც “ლელოსთან” და არც გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებს არ გეგმავს. ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თანამშრომლობას არც ისეთ პარტიებთან გეგმავს, რომლებიც კონსულტაციებს “ლელოსთან” გადიან. მან გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი იმის გამო, რომ 2018-ში არ იაქტიურა და არ გააერთიანა ის ძალები, ვინც არც ენმ-სთან და არც “ოცნებასთან” აპირებდა თანამშრომლობას. ასევე გააკრიტიკა ელისაშვილი ლელოსთან კონსულტაციების გამო.

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უკვე არის პოლიტიკაში დაბრუნებული. ის ამბობს, რომ  2020-ის არჩევნებში მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს და ხსნის რა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს ამჟამად:

“პოლიტიკაში ჩართული ვარ/ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არის, რომ პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს… ის, რაზეც არის ქართული საზოგადოების შეკვეთა… ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე, არა წინა ხელისუფლებაზე, არა იმის წინა ხელისუფლებაზე, არამედ ახალ ძალაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანება მოხერხდება. მე დიდი ძალისხმევით ვარ ამაში ჩართული. ვცდილობ კონსულტაციებს ამ პოლიტიკურ ძალებთან, მათთან, რომლებსაც მე ალტერნატივად მოვიაზრებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა ტვ პირველთან

მასალების გადაბეჭდვის წესი