ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კომუნისტური პარტიების კავშირი წარუკიანს უცხადებს მხარდაჭერას

22 ივნისი, 2020 • 1610
კომუნისტური პარტიების კავშირი წარუკიანს უცხადებს მხარდაჭერას

ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების კომუნისტური პარტიების გაერთიანება აცხადებს, რომ მხარს უჭერს სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, მილიონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას „დასავლეთიდან მართულს“ უწოდებს.

წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამ საქმეზე, — უკანონო სათამაშო ბიზნესი, მიწის ნაკვეთების მისაკუთრება და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვა. წარუკიანი საქმეებს გაერთიანება პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რასაც ხელისუფლება უარყოფს.

„კომუნისტური პარტიების კავშირი – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია“ (კპკ-სკკპ/СКП–КПСС) 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ  Covid-19-ის პერიოდში სომხეთში კვლავ უარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, „რის შესახებაც შეშფოთება გამოხატა გაგიკ წარუკიანმა … რომლის აზრიც ახლანდელ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ მოეწონა“.

განცხადების თანახმად, კპკ-სკკპ-ის წევრები — რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის, მოლდოვისა და ტაჯიკეთის კომუნისტური პარტიები — „შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს სომხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ შურისძიებას“.

კპკ-სკკპ-ის წევრია „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიაც“, რომელსაც წარმოადგენს გრიშა ონიანი, თუმცა ეს პარტია განცხადებას ხელს არ აწერს. კპკ-სკკპ, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შეუსაბამოდ, აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი წევრია „აფხაზეთის კომუნისტური პარტიაც“.

„კპკ-სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტი ამას აღიქვამს დასავლელი მრჩევლების მორიგ ჩარევად, რომლის მიზანია, ქაოსი და „ფერადი დემოკრატია“ შეიტანოს მოძმე რესპუბლიკებში, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში და პირადი პოლიტიკური ინტერესი გაატარონ. ამას დესტაბილიზაცია მოაქვს“…

სომხეთის 2018 წლის „ხავერდოვან რევოლუციას“, რომელმაც სერჟ სარქისიანის კორუფციული რეჟიმი შეცვალა და რომელსაც სათავეში ნიკოლ ფაშინიანი ედგა, არ მოუტანია ცვლილებები ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსისათვის.

„ხავერდოვანი რევოლუციის“ ორგანიზატორები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ მიმდინარე პროცესი შიდაპოლიტიკური საკითხი იყო და საგარეო კურსზე — მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე — გავლენას არ იქონიებდა.

სომხეთში რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა განთავსებული და რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორია, თუმცა მასთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ აზერბაიჯანსაც აწვდის იარაღს.

გაგიკ წარუკიანი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ფიგურა იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ დრომდე არ შექმნია პრობლემები.

ფაშინიანის მმართველობის პირველ წელს სომხეთმა დემოკრატიის რეიტინგებში წინ წაიწია — მაგალითად, თუკი Freedom House-ის რეიტინგში 2018 წელს 100-დან 45 ქულა ჰქონდა, 2019 წელს რეიტინგი 51-მდე გაიზარდა, 2020-ში კი მხოლოდ 2 ქულით წაიწია წინ და ახლა 53 ქულა უწერია.

ბოლო პერიოდში მედიაში და საერთაშორისო პარტნიორებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, თანდათანობით ჩნდება კითხვის ნიშნები ფაშინიანის ხელისუფლების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით.

მაგალითად, 18 ივნისს ევროპის სახალხო პარტიის [EPP] თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პარტია შეშფოთებულია სომხეთში დემოკრატიის უკუსვლით.


21 ივნისს ერევნის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეროვნული უშიშროების სამსახურის (NNS-ის) შუამდგომლობა მილიონერი ბიზნესმენისა და პარლამენტარის, გაგიკ წარუკიანის დაკავების შესახებ.

სომხეთის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

გამოძიების ვერსიით, წარუკიანის შექმნილმა ორგანიზებულმა ჯგუფმა ამომრჩევლები მოისყიდა და ასე მოიპოვა უკანონოდ 17,000 ხმა პარლამენტში მოსახვედრად.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა წარუკიანის სახლი გაჩხრიკეს, ის კი 8 საათის განმავლობაში ჰყავდათ უშიშროების შენობაში დაკითხვაზე;

წარუკიანი სომხეთის ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერია. ეს პარტია უდიდესი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში.

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი გამოცემის თანახმად, წარუკიანმა 5 ივნისს მწვავედ გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა Covid-19-ის პანდემიის კრიზისთან ბრძოლის სტრატეგიის გამო, რასაც მმართველმა გუნდმა ასევე მწვავე განცხადებებით უპასუხა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 ივნისს უარყო ბრალდებები წარუკიანის დაკავების პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი