შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები, რომელთანაგ ორი 1990 წელს, ხოლო ერთი 2000 წელს არის დაბადებული, ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვის სქემაში.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ. პ.ბ-ს მითითებით თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში, ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა, ა.ხ-ს და დ.პ-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს,” – აცხადებენ შსს-ში.








