“საზოგადოებამ მისცა შანსი ამ უღირს ხელისუფლებას, არ გაჯიუტებულიყო საკუთარ შეცდომაში. მაგრამ დღემდე ჩვენი მთავრობა გაჯიუტებულია და ეს უკვე შეცდომაც აღარ არის. ეს დანაშაულია თითოეული ჩვენგანის წინაშე”, – ასე მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის წინ 20 ივნისის დარბევიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
კორძაიას თქმით, საქართველო არ იმსახურებს “მშიშარა ხელისუფლებას”, რომელიც საკუთარ მოქალაქეებთან კავშირს კარგავს.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, არ დავიღლებით იმ ბრძოლისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება და თანასწორობა ყველა დონეზე: სახელმწიფოებრივ დონეზე თანასწორობა, პოლიტიკურ დონეზე თანასწორობა, ადამიანურ დონეზე თანასწორობა… იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით: ძალა მრავალფეროვნებაშია”, – აღნიშნა მან.