ახალი ამბები

„გვახსოვს 20 ივნისი!“ – რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20 ივნისი, 2020 • 3420
„გვახსოვს 20 ივნისი!“ – რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.

მოძრაობა აღნიშნავს, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევიდან 1 წლისთავზე კვლავ არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი. მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა პრემიერია, “სახელმწიფო გადატრიალების” ბრალდებით კი ციხეში სხედან “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები.

„სირცხვილია“ ასევე ხაზს უსვამს, რომ დაშავებულთა უმრავლესობას დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, პირობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კი ამ დრომდე არ სრულდება.

აქციის ორგანიზატორები განმარტევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ სპეციალური ზომები მიიღეს. კერძოდ გზაზე ერთმანეთის მოშორებით გააკრეს ე.წ. სტიკერები, რომლებზეც აქციის მონაწილეები უნდა დადგნენ და სოციალური დისტანციის რეკომენდაცია დაიცვან.ამ სტიკერებზე ვლადიმერ პუტინის სახეა გამოსახული.

„სირცხვილიას“ მიერ გაკრული სტიკერები. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ამასთანავე, ბოძებზე გაკრულია საინფორმაციო პლაკატებიც, ხოლო აქციის ორგანიზატორები დაარიგებენ პირბადეებსაც.


საპროტესტო აქციის გამო, დღეს 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მერიამ გზის გადაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და შესაბამისი განცხადება გაავრცელა. უწყებამ თქვა, რომ მოძრაობის შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი