ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს I მოსმენით მხარს დაუჭერს

20 ივნისი, 2020 • 1315
“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს I მოსმენით მხარს დაუჭერს

“ევროპული საქართველო” საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს, 20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგის გარეთ რჩება.

ბაქრაძემ გასული წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როცა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა ჩააგდო და აღნიშნა, რომ ამის საფრთხე დღესაც არსებობს.

“იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა და ხვალ “ქართული ოცნების” მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში და ამით წერტილი არ დაესვას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ევროპული საქართველო” მონაწილეობას მიიღებს ხვალის სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამით მიღწეული იქნება ორი ამოცანა: გაჩნდება მეტი დრო, რათა შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში და გაჩნდება დამატებითი დრო საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გამოშვებასთან დაკავშირებით. და მეორე: არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”, ისევ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით”.

დავით ბაქრაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი პირველი მოსმენა:

“თუ პირველ მოსმენაზე საკითხი ჩავარდა, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე საკითხი რომც ჩავარდეს, იმავე დღეს შეიძლება მისი ხელახლა შემოტანა. ასე რომ, ხვალინდელი კენჭისყრა არის სრულიად გადამწყვეტი და ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც და პოლიტპატიმრების საკითხიც”.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით ხვალ, 21 ივნისს განიხილავენ.


პარტიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩების განცხადება, რომელიც 19 ივნისს გავრცელდა.  მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.

მანამდე, “ევროპული საქართველო” ამბობდა, რომ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებდა მანამ, სანამ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ციხიდან არ გათავისუფლდებოდა. ოპოზიციაში აღნიშნავდნენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მის გათავისუფლებასაც მოიცავდა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად. მმართველი გუნდი აღნიშნულს დღემდე უარყოფს.

ამ დრომდე უცნობია, რა პოზიციაზე შეჯერდებიან აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, “ნეტგაზეთს” 19 ივნისს განუცხადა, რომ ელჩების განცხადებაზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს: “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მმართველი გუნდის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარანტირებულად დაუჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული).

მასალების გადაბეჭდვის წესი