ახალი ამბები

ვფიქრობ, გახარია იმსახურებს რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს – თალაკვაძე

20 ივნისი, 2020 • 2960
ვფიქრობ, გახარია იმსახურებს რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” სიის პირველ ნომრად დასახელებას იმსახურებს, თუმცა დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს. როგორც თალაკვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, გახარიას ერთ-ერთი დამსახურება კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლაა.

“ვფიქრობ, ის იმსახურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა ეს გუნდის მისაღები გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, როცა ქვეყანა ფაქტობრივად ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა Covid-19-ის გამო, მან პროცესების ეფექტური მართვა უზრუნველყო. მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა”,-განაცხადა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისის ღამეს, იმსახურებს თუ არა საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელებას. თალაკვაძე პასუხობს: ” ეს შეკითხვა რამდენჯერაც არ უნდა გამიმეოროთ, ერთი და იგივე პასუხი მექნება… როდესაც სახეზე იყო შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე  და სახეზე იყო ორსაათიანი ძალადობა პოლიციელებზე, პოლიციამ და შსს-მ ადეკვატურად იმოქმედეს. შესაბამისად, მაშინ მინისტრმა და სამინისტრომ იმოქმედეს იმ ფარგლებში, როცა მათ უნდა შეესრულებინათ კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებული ვალდებულება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი