ახალი ამბები

ძალის გადამეტება, სავარაუდოდ, მოხდა, რადგან ამ მუხლით დაიწყო გამოძიება – თალაკვაძე 20 ივნისზე

19 ივნისი, 2020 • 772
ძალის გადამეტება, სავარაუდოდ, მოხდა, რადგან ამ მუხლით დაიწყო გამოძიება – თალაკვაძე 20 ივნისზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თაკალავაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს, სავარაუდოდ, ძალის გადამეტება მოხდა, რადგან გამოძიება სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას 20 ივნისის აქციის დარბევაზე, თალაკვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამი პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული.

“რაც შეეხება აქციას, ჩვენ ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ აქციის პირველი ნაწილი მშვიდობიანი პროტესტი იყო, მეორე ნაწილი კი, კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება [ირაკლი კობახიძის გადადგომა] 24 საათში იქნებოდა მიღებული თუ 21 საათში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პოლიტიკური ძალა საკუთარ გეგმებს მაინც არ შეცვლიდა”,-განაცხადა თალაკვაძემ რუსთავის 2-ის ეთერში.

გადაცემის მსვლელობისას თალაკვაძემ კიდევ განმარტა, რომ 30 ივნისის აქციის დაშლისას შესაძლოა ძალის გადამეტება იყო, თუმცა ეს საკითხი სასამართლომ უნდა დაადგინოს.

ჟურნალისტიკის კითხვაზე, დარბევის დროს მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, თალაკვაძე პასუხობს: “სავარაუდოდ, მოხდა, ვინაიდან ამ მუხლით არის დაწყებული გამოძიება. სამი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული… პოლიციელი… შესაძლოა გამოძიება კიდევ გაგრძელდეს, ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. ვადებს მე არ ვაკონტროლებ და არც პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას.”

საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი