ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ხელფასებსა და პენსიებს ვეღარ გასცემენ

19 ივნისი, 2020 • 2618
აფხაზეთში ხელფასებსა და პენსიებს ვეღარ გასცემენ

მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში ამ დრომდე ვერ გასცეს მაისის პენსიები, სოციალური დახმარებები და საჯარო მოხელეების ხელფასები. ოფიციალურ პირებს არ აქვთ ასევე პასუხი, გაიცემა თუ არა ისინი ივნისსა და ივლისში. 

შექმნილ კრიზისს აფხაზური მხარე კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებას უკავშირებს – პანდემიის გამო დაიხურა რესტორნები, მაღაზიები, სასატუმროები და მსგავსი ობიექტები, რომლებიც ვერ ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას და, შესაბამისად, ვერ უხდიდნენ თანამშრომლებს ხელფასებს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმასაც, რომ საპენსიო ფონდსა და საგადასახადო სამსახურში ფული ვეღარ შევიდა. 

აფხაზეთის საპენსიო ფონდის თავმჯდომარის, დენის გულარიას თქმით, აფხაზეთში პენსიას დაახლოებით 45 ათასი მოქალაქე იღებს, დასაქმებული კი, ვინც საპენსიო შენატანს აკეთებს, 43 ათასია.  

ამჟამად, როგორც გულარია ამბობს, აფხაზეთის საპენსიო ფონდი თავადაც ბიუჯეტის დოტაციაზეა, რომელიც თავის მხრივ, “სავალალო მდგომარეობაშია კარანტინის გამო”. 

“ივნისის შრომით და სოციალურ პენსიებს გადავიხდით, უბრალოდ, გვიან. არა 18 რიცხვში, როგორც აქამდე იყო, არამედ 25-ში. ზოგიერთ რაიონში- ივლისის დასაწყისში. არასაკმარისი თანხების შევსება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს”, – ამბობს გულარია.  

როგორც გულარია აცხადებს, პროგნოზებით, 2020 წელს საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასები უნდა გაზრდილიყო.

“ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქის პენსია წინა წელს გაიზარდა, ახლა ეს ვალდებულებები შესასრულებელია, ფული კი არაა”. 

დაახლოებით 45 მილიონი რუბლია [დაახლოებით, 645 ათასი აშშ დოლარი] საჭირო ამჟამად იმისთვის, რომ ერთი თვის პენსიები გასცენ.

სიტუაცია რთულდება ხელფასების გაცემის თვალსაზრისითაც. ფინანსთა მინისტრის, ვლადიმერ დელბას თქმით, ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიონი რუბლია [4 მილიონი აშშ დოლარი] საჭირო, რომ 20 ათასამდე საჯარო მოხელეს ხელფასი გადაუხადონ.

“მიმდინარე წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი დეფიციტით იყო მიღებული. ახლა ვპროგნოზირებთ, რომ დეფიციტი კიდევ გაიზრდება. ყოველივე ეს გვაიძულებს, მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტის პოლიტიკას გადავხედოთ”, – ამბობს დელბა. 

ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ მაისის ხელფასებს გადაუხდიან მოქალაქეებს, რისთვისაც სხვა გარკვეულ ხარჯებს შეამცირებენ. ივნისის და ივლისის ხელფასების გაცემას კი ხალხს ვერავინ ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი