საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (79%) მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა. ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.
2019 წელს 80% ამბობდა, რომ საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითულთა 64% ინფორმირებული იყო პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავდა მიზნად. ამათგან უმრავლესობა ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება (31%) ან მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება (25%), ხოლო ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატების თავისუფალი ნების მხოლოდ 14%-ს სჯერა. ამავე 64%-ის ⅔-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში პროპორციული სისტემის არსებობას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ასევე დაინტერესდა, რიგითი ამომრჩეველი როგორ აფასებს არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების როლს ქვეყნის განვითარებაში. გამოკითხულთა ⅔ არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობით მაინც არაფერი შეიცვლება. უმრავლესობა, 56% მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
იმ საკითხზე კი, ეთნიკური მრავალფეროვნება უფრო აძლიერებს თუ უფრო ასუსტებს ქვეყანას, “TI-საქართველოს” შეფასებით, მოსახლეობის აზრი ცალსახა არ არის, თუმცა ყველაზე დიდი ნაწილი მაინც სიძლიერედ აღიქვამს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, TI-საქართველო