ახალი ამბები

ტრამპმა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე კრიტიკული განცხადება დაბლოკა – ბოლტონის მემუარები

18 ივნისი, 2020 • 2232
ტრამპმა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე კრიტიკული განცხადება დაბლოკა – ბოლტონის მემუარები

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავზე რუსეთისადმი კრიტიკული განცხადების გაკეთების საშაულება არ მისცა.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლტონი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის პოსტს 2019 წლის ოქტომბრიდან აღარ იკავებს, ამის შესახებ თავის მემუარებში წერს.

ბოლტონი წერს, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა რუსეთისადმი კრიტიკული განცხადების გავრცელება საქართველოში შეჭრის 10 წლისთავთან დაკავშირებით.

ჯონ ბოლტონი ტრამპის მხრიდან პერსონალური და ოფიციალური ურთიერთობების გამიჯვნის სირთულეზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპი პერსონალურ საუბრებში ჩიოდა სკრიპალების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის და მიაჩნდა, რომ ისინი ზედმეტად ხისტი იყო.

ბოლტონის წიგნის გამოცემა, სახელწოდებით “ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“, 23 ივნისს იგეგმება, მანამდე მედიასაშაულებებმა 592-გვერდიანი წიგნიდან ამონარიდები გამოაქვეყნეს.

წიგნში ბოლტონი საუბრობს ტრამპის არაკომპეტენტურობაზე და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ გაერთიანებული სამეფო ბირთვული სახელმწიფოა; ასევე, მრჩევლებს ჰკითხა, ფინეთი არის თუ არა რუსეთის ნაწილი; ერთმანეთში აერია ავღანეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.

ტრამპის ადმინისტრაცია, ერთი მხრივ, უარყოფს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის წიგნში ასახულ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, ჯონ ბოლტონს სასამართლოში უჩივის, მიაჩნია, რომ წიგნი შეიცავს საიდუმლო ცნობებს, რომელთა გამჟავნება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი