ახალი ამბები

ბოლტონის თქმით, პოსტიდან თავად წავიდა, ტრამპი კი ამბობს, რომ გაათავისუფლა

11 სექტემბერი, 2019 • 1259
ბოლტონის თქმით, პოსტიდან თავად წავიდა, ტრამპი კი ამბობს, რომ გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტის უკვე ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, აცხადებს, რომ პოსტიდან თავად გადადგა. მისი ეს განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტს “ტვიტერზე”, რომლითაც საზოგადოებას ბოლტონის გადაყენება აუწყა რიგ საკითხებზე უთანხმოების გამო.

“გასულ ღამეს ვაცნობე ჯონ ბოლტონს, რომ თეთრ სახლში მისი საქმიანობა საჭირო აღარ არის. სხვების მსგავსად, ადმინისტრაციაში მეც არ ვეთანხმებოდი მის არაერთ რჩევას. ამიტომ ვთხოვე ჯონს, გადამდგარიყო, რაც დღეს დილით მოხდა”, – აღნიშნავს ტრამპი 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 11:58-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ჯონ ბოლტონმა ტრამპს 12 წუთში ასევე “ტვიტერზე” უპასუხა და დაწერა, რომ თავად გადადგა.

“გადადგომა გასულ ღამეს შევთავაზე, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: “მოდი, ხვალ ვისაუბროთ ამაზე”  – აცხადებს უკვე ყოფილი მრჩეველი. მოგვიანებით სოციალურ ქსელში “ვაშინგტონ პოსტისა” დ სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც დაწერეს, რომ ბოლტონისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს საკუთარი ნებით გადადგომასთან დაკავშირებით.

ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან მუშაობდა. მან ამ თანამდებობაზე მაიკლ ფლინი ჩაანაცვლა.

ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, BBC-ის უთხრა, რომ ბოლტონის პირობებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განცალკევებულ ორგანოდ ჩამოყალიბდა თეთრი სახლის შიგნით.

“ის [ბოლტონი] მთელი თეთრი სახლისაგან განცალკევებულად მოქმედებდა”, – ამბობს ის.

დონალდ ტრამპის თქმით, ახალი მრჩეველის ვინაობას მომდევნო კვირას გაასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი