ახალი ამბები

ისრაელთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში აღდგეს – ლაშა ჟვანია

18 ივნისი, 2020 • 1112
ისრაელთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში აღდგეს – ლაშა ჟვანია

ისრაელთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოდან განახლდეს. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია წერს. მისივე თქმით, ისრაელის ტურიზმისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები ონლაინ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

“მქონდა პატივი, დაგვეგეგმა და მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების ვიდეოშეხვედრაში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს აგვისტოში იქნება”,-წერს ჟვანია. 

ისრაელთან მიმოსვლის საკითხზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც გააკეთა. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში რთულია კონკრეტულ ვადებზე საუბარი. თუმცა, თუ ისრაელში ვითარება სწრაფად გაუმჯობესდება, ტურისტული მიმოსვლა აღდეგება:

“კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ.”

10 ივნისს პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელთანაც საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უნდა აღედგინა, თუმცა მოულოდნელად ქვეყანაში გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები:

“ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, 15 ივლისამდე გაგვეშვა რეისები. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა, შედეგად, ათასობით ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ. რა თქმა უნდა, არანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ტურიზმიდან იმპორტირებული ინფიცირება შემდეგ ქვეყანას შესაძლოა იმდენი დაუჯდეს, რომ იმ ტურისტს არანაირი ფასი არ ექნება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი