ახალი ამბები

მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გიორგი რურუა – ევროპის სახალხო პარტია 

17 ივნისი, 2020 • 1115
მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გიორგი რურუა – ევროპის სახალხო პარტია 

ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია, რომ  გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს:

“ევროპის სახალხო პარტია [ EPP] მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. მოვუწოდებთ [საქართველოს], სრულად შეასრულოს შეთანხმება და გაათავისუფლოს რურუა”,- წერს ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ტვიტერზე. 

ევროპის სახლხო პარტია ასევე მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში, ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება.


“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი