ახალი ამბები

ევროპარლამენტარი პროკურატურას მოუწოდებს, რურუას წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს

17 ივნისი, 2020 • 911
ევროპარლამენტარი პროკურატურას მოუწოდებს, რურუას წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს

ევროპარლამენტარი “ევროპის სახალხო პარტიიდან”, ანჟეი ჰალიცკი, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს წერილით მიმართავს და გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას სთხოვს.

ირაკლი შოთაძისთვის გაგზავნილი წერილის ასლი ჰალიცკიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ევროპარლამენტის წევრი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია სარგებელს მოუტანს ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში.

“შეშფოთებული ვრჩები, რომ მიუხედავად 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, საპატიმროში რჩება. ამავდროულად, მთავრობის წევრებმა და მმართველმა პარტიამ წამოიწყეს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საკითხებზე, რომლებიც წარდგენილ ბრალთან კავშირში არ არის.

ახლოვდება რა გადამწყვეტი მომენტი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისა, მე და საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია გადაფურცლავს პოლარიზაციის ამ ფურცელს და გზას გაუკაფავს ქვეყანას ცივილიზებულ საარჩევნო კამპანიისკენ. ვიდრე ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ყველა თანხმდება, რომ ამ ვნებათაღელვის საბოლოო გადაწყვეტა ქვეყნის ინტერესებში შედის”, – წერს ჰალიცკი.

ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს და პროკურატურის გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა რურუა წინასწარ პატიმრობაში, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ბევრმა დამკვირვებელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში დატოვება წინააღმდეგობაში მოდის საკუთრივ ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკასთან, რომელიც ამ ტიპის სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარ პატიმრობას გირაოს ამჯობინებს.

“როგორც ვიცი, პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა თითქმის დასრულებულია. აქედან გამომდინარე მოგმართავთ, თქვენი კანონით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში განიხილოთ არასაპატიმრო წინასწარი ღონისძიებების შეფარდების შუამდგომლობა, რაც წვლილს შეიტანდა 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციაში”, – მიმართავს ევროპარლამენტარი ირაკლი შოთაძეს.ა და

 

მასალების გადაბეჭდვის წესი