თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია.
დღეს ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ახალი შემთხვევების წყაროზე ისაუბრა და თქვა:
„9 ახალი შემთხვევიდან 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 კი- საკარანტინო სივრციდან, ოღონდ, ყველა შემოტანილია. ამ 6 შემთხვევიდან 3 სატვირთო მანქანების მძღოლია, მხოლოდ ერთი შემთხვევა არის, რომლის წყაროს მოძიებაც გრძელდება“, – ამბობს ეზუგბაია.
მისი თქმით, 7-ვე ახალი გამოჯანმრთელებული ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო, რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურში შეყვანილ 2 ახალ შემთხვევას – ორივე მათგანი შემოტანილია, ერთი- რუსეთიდან, მეორე კი- სომხეთიდან.
საქართველოში 17 ივნისის მონაცემებით კორონავირუსის 888 შემთხვევა დასტურდება, აქედან 731 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.