ახალი ამბები

ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს – არასამთავრობოები

16 ივნისი, 2020 • 1092
ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს – არასამთავრობოები

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად შეფასდეს და მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ამის შესახებ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ შემუშავებულ შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

“აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად ისახავს საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.

ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრების მიტაცების და ქვეყნის მოქალაქეების გატაცების პარალელურად, ასევე, იმის ფონზე, რომ საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა ძლიერდება, ზემოთ აღნიშნული ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება იქნას განხილული.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, ისინი მიმართავენ საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას.

განცხადებას ხელს აწერენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “მედიის განვითარების ფონდი”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”, “საზოგადოება და ბანკები”, “ლიბერალური აკადემია თბილისი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.


15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი