ახალი ამბები

საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრები კარანტინს არ გაივლიან – საგარეო

16 ივნისი, 2020 • 2960
საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრები კარანტინს არ გაივლიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან გერმანიაში ჩასული ვიზიტორები კარანტინს არ გაივლიან. უწყების ცნობით 2020 წლის 15 ივნისს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ აამოქმედა ახალი კარანტინის ჩარჩო-დადგენილება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინის გავლას. ამ სიაში კი საქართველო არ მოხვდა.

“აღსანიშნავია, პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და, შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია დავით ზალკალიანს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის. მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი