ახალი ამბები

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების 52% მსუბუქად მიმდინარეობდა – NCDC

16 ივნისი, 2020 • 1311
COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების 52% მსუბუქად მიმდინარეობდა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 11 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ეხება, დადასტურებული შემთხვევების 52% მიმდინარეობდა მსუბუქი ფორმით.

NCDC-ს განხადებით, დაავადების დადასტურებული შემთხვევების 33% საშუალოდ, 8.2 კი მძიმე ან კრიტიკული ფორმით მიმდინარეობდა. ამასთან, ინტენსიური მკურნალობის დეპარტამენტში გადაყვანილი იყო პაციენტთა 8% (40 პაციენტი).

ცენტრში აღნიშნავენ, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანმხლები დაავადებების არსებობის მიხედვით.

კერძოდ, იმ პაციენტებში, ვისაც არ აღენიშნებოდა თანმხლები ავადმყოფობები, დაავადება 94%-ში მიმდინარეობდა მსუბუქი ან საშუალო ფორმით, თანმხლები ავადმყოფობების არსებობის შემთხვევაში, 35%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

NCDC-ში აცხადებენ, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე ასევე განსხვავდებოდა თვეების მიხედვით. კერძოდ, 2020 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით 20%-ით შემცირდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და თითქმის გასამმაგდა მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევების წილი.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ მაისში ამ პროცესმა უკუცვლილება განიცადა და კვლავ 26%-ით გაიზარდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და სამჯერ შემცირდა მძიმე და კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების წილი (27%-დან 8%-მდე).

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 11 ივნისის მდგომარეობით, გაწერილ პაციენტებს შორის 487 (97.4%) გამოჯანმრთელდა, 13 შემთხვევა კი დასრულდა ლეტალურად (ლეტალობის მაჩვენებელი – 2.6%). NCDC-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა შორის უმეტესობა 70 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, გარდაცვალი პაციენტების 79%-ს სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები ჰქონდა თანმხლები დაავადების სახით, 10.6%-ს კი -ენდოკრინული სისტემის დარღვევები. პაციენტების 5.2%-ს კი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა, სასუნთქი სისტემების დარღვევები ჰქონდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი