ახალი ამბები

54 წლის კაცი შვილის სახელით არასრულწლოვანს გარყვნილ ფოტო-ვიდეოს უგზავნიდა – შსს

16 ივნისი, 2020 • 2585
54 წლის კაცი შვილის სახელით არასრულწლოვანს გარყვნილ ფოტო-ვიდეოს უგზავნიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც სოციალურ ქსელში შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგოს გარყვნილი ხასიათის ვიდეო და ფოტომასალას უგზავნიდა.

უწყება ამბობს, რომ 54 წლის კაცი 12 წლის მოზარდთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას 2 წლის განმავლობაში აგრძელებდა – „რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა“.

ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები- „სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული“.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი