ახალი ამბები

“სირცხვილიას” აქტივისტები სამშენებლო ღობეზე სტენსილის გამო დააჯარიმეს

16 ივნისი, 2020 • 1602
“სირცხვილიას” აქტივისტები სამშენებლო ღობეზე სტენსილის გამო დააჯარიმეს

“სირცხვილიას” 3 აქტივისტი თბილისში, საბურთალოს რაიონში, სამშენებლო ღობეზე სტენსილის გაკეთების გამო 200-200-ლარით დააჯარიმეს.

საუბარია წარწერაზე, რომელიც 20 ივნისის მოვლენების წლისთავს ეძღვნება. აქტივისტებმა სამშენებლო ღობეზე გააკეთეს სტენსილი: “გვახსოვს, რა გააკეთეთ გასულ ზაფხულს”. მიმდინარე წლის 20 ივნისს “სირცხვილია” რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვასაც აპირებს.

“სირცხვილიას” აქტივისტების განცხადებით, პოლიციის მანქანა ოფისიდან გამოსვლისთანავე აედევნათ, ხოლო უშუალოდ სტენსილის გაკეთების შემდეგ ადგილზე არაერთი ეკიპაჟი მივიდა. საბოლოო ჯამში, აქტივისტები თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა იერსახის დამახინჯების ადმინისტრაციული წესით.

ერთ-ერთი დაჯარიმებული აქტივისტის, სალომე ბარკერის FB-ლაივში, რომელიც მომხდარს ასახავს, აქტივისტები აპელირებენ იმაზე, რომ ღობე, რომელზეც მათ საპროტესტო სტენსილი გააკეთეს, დროებითი სამშენებლო კონსტრუქციაა და მასზე პლაკატის გაკვრა და წარწერა აკრძალული არ არის. იმავე ღობეზე სხვა არაერთი სარეკლამო პლაკატია ამჟამადაც გაკრული.

მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ სტენსილის გაკეთება “შეთანხმების გარეშე” არსად შეიძლება. მისივე თქმით, თუ ისინი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ მერიაში ან სასამართლოში  გაასაჩივრონ.

ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, “სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება”, –გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი).

ამავე კოდექსის მიხედვით, რომელიც უშუალოდ დედაქალაქს ეხება, “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ფოტო © კადრი სალომე ბარკერის FB-ლაივიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი