ახალი ამბები

თურქეთში არალეგალურად მყოფ მოქალაქეთათვის დაწესებული შეღავათი ივნისის ბოლოს უქმდება

15 ივნისი, 2020 • 1346
თურქეთში არალეგალურად მყოფ მოქალაქეთათვის დაწესებული შეღავათი ივნისის ბოლოს უქმდება

პირველი ივლისიდან თურქეთში უქმდება შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 29 მარტიდან არალეგალურად იმყოფებიან და პანდემიის კრიზისის გამო მის დატოვებას ვერ ახერხებენ. თურქული მხარის ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო აფრთხილებს.

თურქეთის მიერ COVID-19-ის კრიზისის გამო დაწესებული შეღავათის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში 29 მარტიდან არალეგალურად იმყოფებიან, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტით საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს უქმდება.

“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ პირველი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები”, – წერს საქართველოს საელჩო თურქეთში.

გასულ კვირას თურქეთმა გააუქმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას გულისხმობდა. თუმცა საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გადასვლას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ – საზღვარზე საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ისევ მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი