ახალი ამბები

PCR ტესტირება ფართოვდება და მისი გაკეთება პოლიკლინიკებში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

15 ივნისი, 2020 • 1565
PCR ტესტირება ფართოვდება და მისი გაკეთება პოლიკლინიკებში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეიდან კორონავირუსზე ტესტირების პროცესი გაფართოვდება და მისი გაკეთება საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში ამბოლატორიულად იქნება შესაძლებელი.

„დღეს სიახლე გახლავთ ის, რომ დამტკიცდება ახალი დადგენილება მთავრობის, რომელიც შეეხება პისიარ ტესტირებასა და ზოგადად ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას ქვეყანაში.

ჩვენ ტესტირების საშუალო მაჩვენებელი თებერვალში დღიური გვქონდა – 27, მარტში გვქონდა –  73, აპრილში –  473 და მაისსა და ივნისში, საშუალოდ, დღიურად ვართ 1 480- 1 500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში“, – აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ადამიანებს უფრო მარტივად უნდა შეეძლოთ ტესტირება.

„ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს ნებისმიერი ტემპერატურით აუცილებელია, რომ პირმა მიმართოს ცხელების ცენტრს. ხვალიდან ან ზეგიდან კი უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მოქალაქეებმა 25 პოლიკნიკური დაწესებულებას მიმართონ საქართველოს მასშტაბით, სადაც ამბოლატორიულ პირობებში მათ პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ“, – განმარტავს ის.


საქართველოში 15 ივნისის [12:44 საათის] მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 879 შემთვევა დასტურდება, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 704, ხოლო გარდაიცვალა 14 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი