დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის ტერიტორიის მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე კი 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
საგანგებოს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
აბასთუმნის წიწვოვან ტყეში ხანძარი ორი დღის წინ, 13 ივნისსაც გაჩნდა, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან და ქვემო ქართლიდან. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენიც.