თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაია ახალი დადასტურებული შემთხვევის წყაროებზე საუბრობს.
ჟურნალისტებს მან დღეს უთხრა, რომ 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის პირველწყაროს ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ ეძებენ.
„15 ახალი შემთხვევიდან, 2 არის სამედიცინო პერსონალი. 5 საკარანტინო სივრციდან, ოღონდ, ე.წ. შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევებია. დანარჩენი 5 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, ოღონდ- მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა და ორის წყაროს მოძიება გრძელდება“, – ამბობს ეზგუბაია და ამატებს, რომ უცნობი პირველწყაროც რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, 24 საათში კლინიკაში 4 პაციენტი შევიდა: ერთი საბურთალოს კლასტერიდან, 3 კი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის, ორი სატრანზიტონი რეისიდან.
ეზუგბაია ასევე დასძენს, რომ ახალი შემთხვევების მატება მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფას უკავშირდება.
„ცნობილი წყარო, უცნობი წყარო – არანაირ განსხვავებულ ტაქტიკას არ მოითხოვს ქვეყნისგან თუ მოქალაქისგან. წყარო დადგენილი იქნება თუ დაუდგენელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქცევით სწორად. არ ვაკეთებთ დისტანცირებას და არ ვხმარობთ პირადი დაცვის საშუალებებს“, – ამბობს ის.