13 ივნისს საქართველოში დაიღუპა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ჰყავდათ გადაყვანილი. ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
„ნეტგაზეთს“ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლევან რატიანმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა დაუდასტურა და შემდეგ stopcov.ge-ზეც აისახა.
როგორც ლევან რატიანმა გვითხრა, ის 4 აპრილს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან, როდესაც უკვე დადასტურებული ჰქონდა Covid-19.
ექიმის ცნობით, ის შემოყვანისთავანე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა სუნთქივს უკმარისობა, გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, აღენიშნებოდა თერმოდინამიკის რღვევა და ა.შ..
ლევან რატიანის თანახმად, ის 70-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა: „ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
როგორც ექიმმა უთხრა „ნეტგაზეთს“, ვირუსის ელიმინაცია მოხდა მე-16 დღეს, ანუ პაციენტს მე-16 დღიდან აღარ ჰქონდა კორონავირუსი, და ის თანმხლები გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
StopCov.ge-ს ბოლო სტატისტიკა ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 702
- მათ შორის გარდაცვლილი – 14
- კარანტინის რეჟიმში – 2795
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3