ახალი ამბები

ეს არაა უსაფრთხო აეროპორტების სია და საქართველო ამიტომაც არ მოხვდა – ავიაციის სააგენტო

13 ივნისი, 2020 • 1797
ეს არაა უსაფრთხო აეროპორტების სია და საქართველო ამიტომაც არ მოხვდა – ავიაციის სააგენტო

გამოცემა Schengenvisainfo-მ 12 ივნისს გამოაქვეყნა სია, რომელიც, ვებგვერდის თანახმად, იყო სია აე­რო­პორ­ტებისა, რომლებიც Covid-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ შეაფასა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგეტომ (EASA-მ). ამ სიაში საქართველოს აეროპორტები არ არის შესული.

ამ საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“, რომლის თანახმადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აეროპორტებთან დაკავშირებით არაზუსტი იყო და სინამდვილეში ეს იყო სია პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტებისა, რომელთა მიმართებაშიც ევროპის საავიაციო ხელისუფლება მოუწოდებდა ავიაკომპანიებს, მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად.

„შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს უსაფრთხო აეროპორტების სიას, როგორც ეს შეცდომით მოყვანილია ერთ-ერთ წყაროზე და შემდგომ ითარგმნა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ“, – წერს სააგენტო.

„ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შემუშავებულ აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად. შესაბამისად ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ დამატებითი ზომების მიღება საქართველოში ოპერირების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო ხელისუფლებამ თხუთმეტჯერ განაახლა ჩამონათვალი და საქართველო და მისი აეროპორტები ამ სიაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა შეყვანილი“, – წერს სააგენტო.

EASA-ს მიერ შემუშავებული ჩამონათვალი ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი