ახალი ამბები

ჩემი პრემიერობისას უგულავა ორჯერ დავიჭირეთ… დაიჭირა პროკურატურამ – ღარიბაშვილი

12 ივნისი, 2020 • 1017
ჩემი პრემიერობისას უგულავა ორჯერ დავიჭირეთ… დაიჭირა პროკურატურამ – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს უგულავა “ორჯერ დაიჭირეს”.  ასე უპასუხა მან პარლამეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას, “ვინ გამოუშვა უგულავა ციხიდან”.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას უგულავასთან დაკავშირებით, ვინ გამოუშვა… ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. ახლა თავდაცვის მინისტრი ვარ… ბატონო ლევან, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის.”

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში მყოფ თავდაცვის მინისტრს გოგიჩაიშვილმა ჰკითხა, იღებდა თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას “ბიუჯეტის ქურდის” ციხიდან გამოშვებაზე. “რა როლი გქონდათ, რომ ეს პროცესი გაგეჩერებინათ, ან ვინ გამოუშვა: პრეზიდენტმა, თუ ეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დაათმობინეს. თუ შეგიძლიათ ამაზე პასუხი გამცეთ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი