ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლიმ და სხვა პოლიტემიგრანტებმა გერმანიას მოუწოდეს, ალიევის რეჟიმთან არ ითანამშრომლონ

12 ივნისი, 2020 • 1300
მუხთარლიმ და სხვა პოლიტემიგრანტებმა გერმანიას მოუწოდეს, ალიევის რეჟიმთან არ ითანამშრომლონ

ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ და ბერლინში მცხოვრებმა სხვა აზერბაიჯანელმა პოლიტიემიგრანტებმა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რეზიდენციის წინ აქციით გააპროტესტეს აზერბაიჯანში პოლიციის ძალადობა  და გერმანიას მოუწოდეს, არ ითანამშრომლოს ალიევის რეჟიმთან.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს სწრაფი რეაგირების დანაყოფის ოპერაცია ბაქოს ერთ-ერთი საცხოვრებელ უბანში, სადაც სამართალდამცველები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტემიგრანტებმა,  პირველ რიგში, ოპერაციის სანქციის გამცემის, აზერბაიჯანის შს მინისტრის, ვილაიატ ეივაზოვის დასჯა მოითხოვეს.

ფოტო: meydan.tv
აქციაზე ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელმაც ორი თვის წინ დატოვა აზერბაიჯანის ციხე და ამჟამად ოჯახით ბერლინში ცხოვრობს, გერმანიის მთავრობას მოუწოდა, “გადახედონ ურთიერთობებს დიქტატორებთან”, რადგან, მისი აზრით, გერმანია არ უნდა თანამშრომლობდეს აზერბაიჯანის ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან.

“ევროკავშირი ნავთობის საკითხების გამო არ უნდა დარჩეს გულგრილი აზერბაიჯანში ანტიდემოკრატიული მოქმედებების, მოქალაქეების მასობრივი ცემისა და დაკავებების მიმართ”, – აცხადებს მუხთარლი.

7 ივნისს ბაქოს ერთ-ერთ რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებმა პოლიციის მიერ მეზობელი კაცის დაკავება გააპროტესტეს და აივნდებიდან პოლიციას ნაგავი ესროლეს. 8 ივნისს კი პოლიციამ სპეცოპერაცია მოაწყო აღნიშნულ ეზოში, ძალის გამოყენებით გამოათრია კორპუსების მცხოვრებლები,  ფიზიკურად გაუსწორდა მათ და საბოლოოდ, 11 ადამიანი დააპატიმრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი