ახალი ამბები

9 ახალი შემთხვევიდან 1-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია – ეზუგბაია

12 ივნისი, 2020 • 1013
9 ახალი შემთხვევიდან 1-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარია ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 12 ივნისს გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთის ინფიცირების წყაროა ამ დროისთვის უცნობი.

“9 ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამი საკარანტინო ზონიდან არის, რაც ნიშნავს შემოტანილ ანუ იმპორტირებული შემთხვევას. ორი ახალი პაციენტი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია. ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, შესაბამისად, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გუშინაც განვმარტე, რომ როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია, ჩაღრმავებული კვლევები მიდის, რაც ნიშნავს მათი კონტაქტების მოძიებასა და გამოკვლევას”, – ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 697, ხოლო გარდაიცვალა 13.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, 9 ახალი შემთხვევიდან 3 გუშინ, 11 ივნისს, დღის განმავლობაში გამოვლინდა. დანარჩენი 6-ის შესახებ ინფორმაცია კი დღეს დილით გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი