ნეტგაზეთი | საქართველოში განუხორციელებელი რეფორმების გრძელი სიაა – ევროკომისარი საქართველოში განუხორციელებელი რეფორმების გრძელი სიაა – ევროკომისარი – Netgazeti

საქართველოში განუხორციელებელი რეფორმების გრძელი სიაა – ევროკომისარი

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს განუხორციელებელი რეფორმების გრძელი ნუსხა.

ამის შესახებ ევროკომისარმა განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

“ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნებს, რომელთაც მეტი თანამშრომლობა სურთ, ვაძლევთ ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობას, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია – ჩვენ გვსურს ადგილზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. საქართველოში, მე ვფიქრობ, საკმაოდ გრძელი ნუსხაა რეფორმებისა, რომლებიც ჯერ კიდეც განუხორციელებელია. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების გასატარებლად”, – განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისრის თქმით, ინტეგრაციის პროცესში საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა საქართველოსთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) სრულად იმპლემენტაციაა.

“რა თქმა უნდა, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტაციით,  ჩვენ ამის გასაკეთებლად მზად ვართ. ყველა შესაძლებლობაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართული და ჩვენც მზად ვართ, რომ მეტად ვიყოთ ჩართული”, – განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.