ახალი ამბები

რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

11 ივნისი, 2020 • 1191
რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ გიორგი რურუას დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა და რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე დასრულდა მოწმეების გამოკითხვა, რაც რურუას გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვების შესაძლებლობას იძლეოდა.

“რეალურად, მათი განმარტებით, გიორგი რურუა ციხეში იმყოფებოდა იმის გამო, რომ მას შესაძლოა ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე. დღეის მდგოამრეობით დაკითხული იყო ბრალდების მხარის ყველა მოწმე და არანაირი საფუძველი აღარ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების. თუმცა სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, შეასრულა კიდევ ერთხელ პოლიტიკური დაკვეთა და პატიმრობაში დატოვა გიორგი რურუა”, – განაცხადა საძაგლიშვილმა ტელეკომპანია “მთავართან” საუბარში.

საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის თქმით, დღეს მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. სულ გამოიკითხა 34 მოწმე და შემოწმდა სამი ობიექტის ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები და ნივთმტკიცებები, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მაყუჩი, გიორგი რურუას ნერწყვის ნიმუში და ტანსაცმელი.

“კვლავაც არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლოს მხრიდან გაზიარებული იქნა აღნიშნული არგუმენტი და ბრალდებული დატოვა საპატიმროში”, – განაცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საძაგლიშვილის თქმით, ისინი მომავალშიც აპირებენ აღკვეთის შუამდგომლობის დაყენებას.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი. ხელისუფლება უარყოფს, რომ ამ ტიპის შეთანხმება არსებობს ოპოზიციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი