ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ეუთოში: რუსეთის ჯარებმა უკრაინა და საქართველო უნდა დატოვონ

10 ივნისი, 2020 • 1662
აშშ-ის ელჩი ეუთოში: რუსეთის ჯარებმა უკრაინა და საქართველო უნდა დატოვონ

ეუთოში აშშ-ის ელჩი ჯეიმს სტიუარდ გილმორი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა საქართველოს და უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვონ. ამერიკელმა დიპლომატმა ეს განცხადება, ეხოკავკაზას ცნობით, პაგრანიჩნაია ზონასთან ინტერვიუში გააკეთა.

საქართველოზე საუბარისას ელჩი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსული არმიის შეჭრამდე საქართველოს ნაწილი იყო. მისივე თქმით, საქართველო ამტკიცებს, რომ ერთიან სახელმწიფოში ყველას თანაბრად მოექცევა, “სწორედ ეს არის ის, რასაც მხარს ვუჭერთ”,-ამბობს გილმორი.

“ისინი [სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი] საქართველოს ნაწილი იყო, სანამ რუსეთის არმია შეიჭრებოდა, რომელმაც იქ კონტროლი დაამყარა და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს. ყველაფერი ძალიან მარტივია – რუსეთის არმია უბრალოდ უნდა გავიდეს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება მომავალი ქვეყნის რეალურ არჩევანზე საუბარი, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. საქართველოს მიზანია ერთიანი ქვეყანა იყოს, სადაც ყველას  უფლება თანაბრად იქნება დაცული. სწორედ ამას ვუჭერთ ჩვენ მხარს”, – უთხრა დიპლომატმა ჟურნალისტს.

მანამდე გილმორმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს და ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. მან რუსეთს უკანონო ბორდერიზაციის შეწყვეტისკენაც მოუწოდა.

უკრაინაზე საუბრისას გილმორი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთმა უბრალოდ უნდა დატოვოს ქვეყანა, შეწყვიტოს ჩარევა და  უკრანას გაერთიანების საშუალება მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი