ახალი ამბები

პირბადეების მასობრივ გამოყენებას კორონავირუსის II ტალღის პრევენცია შეუძლია – კვლევა

10 ივნისი, 2020 • 1439
პირბადეების მასობრივ გამოყენებას კორონავირუსის II ტალღის პრევენცია შეუძლია – კვლევა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის მიერ პირბადეების ფართო გამოყენებას შეუძლია COVID-19-ის გავრცელება კონტროლირებად დონეზე ჩამოიყვანოს და კარანტინის რეჟიმთან ერთად, პანდემიის მოსალოდნელი ტალღების პრევენციაც შეძლოს, წერს „როიტერსი“.

რა დაასვკნეს მკვლევრებმა?

კემბრიჯისა და გრინვიჩის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ კარანტინის რეჟიმის დაწესება კორონავირუსის კიდევ ერთხელ აღმოცენებას ვერ შეაჩერებს, თუმცა პირბადეების ტარებას, თუნდაც სახლში დამზადებულის, ვირუსის გადაცემას მნიშვნელოვნად შეაჩერებს, თუ საჯარო სივრცეში მათ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა ატარებს.

„ჩვენი ანალიზი ამყარებს [თეორიას, რომ], საჯარო სივრცეში პირბადის ტარება უნდა იყოს მიღებული“, — აცხადებს რიჩარდ სტატი, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

მისი განცხადებით,  ფიზიკური დისტანცირების, კარანტინის რეჟიმის ზოგიერთი ზომისა და პირბადეების ტარების კომბინაცია არის „პანდემიის მართვისა და ეკონომიკური აქტივობის გახსნის მისაღები გზა“, სანამ ვაქცინა შემუშავდება.

მკვლევრების თქმით, ყველა განხილულ სცენარში პირბადის რუტინულმა გამოყენებამ მოსახლეობის 50%-ის ან მეტის მიერ ვირუსის გავრცელების დონე 1.0-ზე დაბლა ჩამოიყვანა, რის შედეგადაც მომავალი ტალღები უფრო მცირე მასშტაბის იქნება, ხოლო შესაძლო კარანტინი — ნაკლებად მკაცრი.

რას ფიქრობენ სხვა მეცნიერები?

„როიტერსის“ ცნობით, კვლევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა სამეცნიერო საზოგადოებაში.

ბრუქს პოლოკი, ბრისტოლის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა მოდელირების ექსპერტი ამბობს, რომ პირბადეების რეალური გავლენა შეიძლება მოსალოდნელზე ბევრად უფრო ნაკლები იყოს, ხოლო ტრიშ გრინჰალი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ კვლევის შედეგები იმედის მომცემია და პირბადეები „დიდი ალბათობით ეფექტიანი ზომა იქნება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი