ახალი ამბები

თხევადი გაზი გაძვირდება? – პარლამენტმა ახალი აქციზის შემოღება პირველი მოსმენით მიიღო

10 ივნისი, 2020 • 2716
თხევადი გაზი გაძვირდება? – პარლამენტმა ახალი აქციზის შემოღება პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლითაც ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელი იცვლება.

კანონპროექტით დაბეგვრის ორეტაპიანი მოდელი ერთეტაპიანით იცვლება და იმპორტიორები იმპორტის განხორციელებისთანავე ერთიან აქციზის გადასახადს გადაიხდიან. საკანონმდებლო ცვლილებებით, აქციზის განაკვეთი წესდება ისეთ საქონელზე (ნახშირწყალბადები აციკლური: გაჯერებულები და ბუტენი და მისი იზომერები), რომლებიც აქამდე აქციზით არ იბეგრებოდა. კანონპროექტის ავტორების აზრით, ამ გზით აღმოფხვრება უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზურ გადასახადს დაქვემდებარებული პროდუქტის, აქციზის გადასახადის გარეშე იმპორტის პრაქტიკა.

2019 წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტების აირები; ფინანსთა სამინისტროს მონაცემები

დეპუტატები დაინტერესდნენ, აღნიშნული ცვლილებები თუ გაუძვირებს გაზს რიგით მომხმარებელს, რაზეც კანონპროექტის ავტორმა სულხან მახათაძემ თქვა, რომ არა.

“ეს რომელ ფილმშია, აქციზს რომ უმატებთ და ფასი არ იზრდება? – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. დიდ სურათში რომ შევხედოთ, პირველ ეტაპზე ვისაც ეს აწყობს, არის ნავთობის იმპორტიორი კომპანიები, იმიტომ, რომ როდესაც აქციზს მოუმატებთ თხევად გაზს, მისი ფასი გახდება იმდენი, რომ ადამიანები აღარ ჩაასხამენ თხევად გაზს და ეს ბიზნესი მოკვდება, ამიტომ ბიუჯეტში გადასახადის აკრეფის მოლოდინი ვერ გამართლდება”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომლის პროგნოზითაც,  ცვლილებების შედეგად 2 500 ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

“[კანონპროექტის] ნეგატივს ვხედავთ, რაც დაკავშირებულია ფასების ზრდასთან და სიკეთე ბუნდოვანია”, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები გააძვირებს თხევად გაზს, რომელიც უფრო ეკომეგობრულია, ვიდრე სხვა საწვავი, ამიტომ ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის მწვანე ეკონომიკის პოლიტიკასთანაც.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სულხან მახათაძე განმარტავს, ეკონომიკის სამინისტროსგან დოკუმენტის ინიციატორებს აქვთ პასუხი, რომ თუ განხორციელებული ცვლილებების შედეგად საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის თხევადი გაზი გაძვირდა, ფასს მთავრობა დაასუბსიდირებს, თუმცა – რა სქემით, არ დაუკონკრეტებია.

“ეკონომიკის სამინისტროსგან გვაქვს ოფიციალური თანხმობა, რომ თუ ეს ცვლილებები გამოიწვევს საყოფაცხოვრებო მიმართულებით გაზის გაძვირებას, ამ ნაწილში მოსახლეობა ცვლილებებს ვერ იგრძნობს”, – აღნიშნა საპასუხოდ სულხან მახათაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საკითხი შეეხება პრივილეგიის გამორიცხვას და არა მინიჭებას.

“დღეს არის არათანაბარი პირობები და სწორედ შემომტანს, რომელსაც აქვს არათანაბარი პირობა, ოღონდ მისთვის პოზიტიურად, უთანაბრებთ ბუნებრივი აირის  შემომტანის თუ მეწარმის ფინანსურ მდგომარეობას და მათ თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებთ. ეს პრინციპი მისაღებია”, – განაცხადა მდინარაძემ და კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა, რომ საკითხის მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინონ კონკრეტული კალკულაცია და ასევე, განმარტება, თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი.

“სუბსიდირება კარგია. კეთილი ნების გამოხატვაც კარგია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სუბსიდირება ხდება მოქალაქის მიერ მოხმარების შემთხვევაში, თუკი მას გარკვეულწილად გაუძვირდება საფასური. წარმოადგინეთ უფრო მყარი არგუმენტები, თუ რატომ არ გაუძვირდებათ გაზის ფასი ავტომფლობელებს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

კანონპროექტს, რომელსაც თხევადი გაზის სადგურების ბიზნესი აპროტესტებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს. კანონპროექტის ინიციატორი ირაკლი მეზურნიშვილი და სულხან მახათაძე არიან. პროექტის კენჭიყრისას სულხან მახათაძემ დეპუტატებს შესთავაზა, კენჭი უყარონ რედაქციას აქციზის განაკვეთის 450 ლარით (ერთ ტონაზე) განსაზღვრის თაობაზე და საბოლოო ვარიანტზე კონსულტაციები გააგრძელონ.

უაქციზო თხევადი გაზის დაბეგვრის თხოვნით პარლამენტს საქართველოს ბიზნესასოციაციამაც მიმართა. BAG-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხდება დიდი რაოდენობით უაქციზო საქონლის (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) შემოტანა და შემდგომი რეალიზაცია თხევადი საავტომობილო გაზის (LPG) სახით, რაც ბიუჯეტს აზარალებს.

თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა ხოფერიას თქმით, თხევადი გაზის ბიზნესზე მიზანმიმართული  შეტევა მიმდინარეობს ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის იმპორტიორი მსხვილი კომპანიების მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი