ახალი ამბები

„ტვიტერი“ 5G-სა და კორონავირუსზე პოსტების შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

10 ივნისი, 2020 • 1422
„ტვიტერი“ 5G-სა და კორონავირუსზე პოსტების შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

სოციალური ქსელი „ტვიტერი“ კორონავირუსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას სპეციალურ აღნიშვნას უკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

მაგალითად, „ტვიტებში“, სადაც მომხმარებლები კორონავირუსის დაავადებას 5G ინტერნეტს უკავშირებენ, ქვემოთ გამოჩნდება წარწერა „გაიგეთ ფაქტები COVID-19-ის შესახებ“, მასზე დაჭერისას კი გადახვალთ ბმულზე, რომლის სათაური გვეუბნება, რომ „არა, 5G არ იწვევს კორონავირუსს“.

ბმული, რომელზეც „ტვიტერი“ გადაგიყვანთ

 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სისტემა მცირე ხარვეზებით მუშაობს და ზოგჯერ ფაქტ-ჩეკინგს უტარებს ისეთ „ტვიტებსაც“, სადაც 5G-ისა და კორონავირუსის კავშირზე არაფერია ნახსენები. ეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც შეამჩნიეს და ახლა სპეციალურად წერენ „ტვიტებს“, რომლებიც სიტყვას „5G“ შეიცავს:

„მონიშნული“ ტვიტები, სადაც მომხმარებლები არ აკავშირებენ 5G-სა და კორონავირუსს

 

5G-ისა და კორონავირუსის კავშირის კონსპირაციული თეორია

კორონავირუსის აღმოცენებასთან ერთად, შეიქმნა ახალი მითები. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, 5G-ის ანტენები ადამიანების იმუნურ სისტემას ასუსტებს და კორონავირუსს იწვევს.

ზოგჯერ, სხვადასხვა ქვეყანაში თეორიის მიმდევრებმა „მოქმედება“ გადაწყვიტეს: Business Insider-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში 5G-ის 90 გადამცემი ჩამოაგდეს, ზოგჯერ კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომუნიკაციების კომპანიების ინჟინრებს, რომლებიც რეალურად არც მუშაობდნენ 5G-ის გადამცემებზე.

მსგავსი შემთხვევა მოხდა რუსეთში, დაღესტნის ერთ-ერთ სოფელში:ადგილობრივები მიტინგზე გამოვიდნენ და ითხოვდნენ „5G ანტენის მოხსნას“, შემდეგ კი, როცა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დააზიანეს ანტენა, რომელიც 5G-ის გადამცემი ეგონათ. ის რეალურად ელექტროგადამცემი აღმოჩნდა და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რის გამოც მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ მიტინგზე, თუმცა ამჯერად უკვე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი