ახალი ამბები

მიკროავტობუსების შეძენის პროექტი დროებით შევაჩერეთ – კალაძე

10 ივნისი, 2020 • 1064
მიკროავტობუსების შეძენის პროექტი დროებით შევაჩერეთ – კალაძე

კახა კალაძე ამბობს, რომ მერია მიკროავტობუსების შეძენის პროექტს დროებით აჩერებს, თუმცა, უახლოეს მომავალში ავტომობილებს მაინც შეიძენს.

კალაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მუნიციპალიტეტმა 150 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა, რაც, თავის მხრივ, რიგ პროექტებზე აისახება.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელიც შევაჩერეთ, მიუხედავად შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერისა, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მიკროავტობუსებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“ ,- ამბობს კალაძე.

მისივე განმარტებით, ფინანსთა მინისტრის დახმარებით, ტრანსფერის სახით ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიას თანხები დაერიცხება, რასაც შემდგომ მიკროავტობუსების საყიდლად გამოიყენებენ.

კალაძე ასევე დასძენს, რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი 300 მიკროავტობუსზე, საბოლოოდ კი ძველი მანქანები მთლიანად ჩანაცვლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი