ახალი ამბები

“მესამე მიმართულება არის კარგი ქვეყნისთვის” – კვირიკაშვილი

9 ივნისი, 2020 • 1213
“მესამე მიმართულება არის კარგი ქვეყნისთვის” – კვირიკაშვილი

ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ტვ პირველთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან აქვს, თუმცა “მართავს მეგობრულ შეხვედრებს და ჰგონია, რომ დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის კარგი ქვეყნისთვის”.

“ეს არის ჩემი აზრი, ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია, ვინც არ არის არცერთი [შიდაპოლიტიკური] პოლუსის ნაწილი, არის მნიშნელოვანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ის მხარს უჭერს, რომ ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს.

“ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა მოხდეს რაიმე ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის. ძალიან სწორი იქნება, თუ შეიქმნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრი, აზრთა ჭიდილი იქნება.  მე მგონია, რომ ოცნება არ დატოვებს პოლიტიკურ ველს და არ გაქრება, არც უნდა გაქრეს, რადგან ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ბევრი დადებითი გააკეთა. მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის ბევრი ახალი სახისაც, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანამ 8 წელი დაკარგა, ასე 8 წელი გადავაგდოთ… როგორც 9 წელი გადავაგდოთ, არ არის სწორი – ყველას აქვს თავისი მიღწევები, სუსტი მხარეები. დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს, რაც ნანახი აქვს ამ ქვეყანას, ის აღარ უნდა ნახოს”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

ის საუბრობს იმ მოვლენებზეც, როდესაც მან პრემიერის თანამდებობა დატოვა რამდენიმე წლის წინ. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზად UNICEF-ის კვლევის მოტანა სიღარიბესთან დაკავშირებით სერიოზული არ არის.

“მე როცა პრემიერი ვიყავი, მისგან საკმაოდ დიდი თავისუფლება მქონდა მოცემული  რაღაც პერიოდში, შემდეგ მას რაღაცები აღარ მოეწონა, როგორც ეს უკვე ყველამ იცის, და ის ჩაერია ძალიან აქტიურად, დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ეს ადმაიანები, მთლად ასე არ უნდ აიყოს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი