ახალი ამბები

პირბადით და კონდინციონერის გარეშე – როგორ ჩატარდება გამოცდები

9 ივნისი, 2020 • 1348
პირბადით და კონდინციონერის გარეშე – როგორ ჩატარდება გამოცდები

დღეს, 9 ივნისს, განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცედების, ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღები გამოაცხადა.

უწყებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმ წესებზე, რომელთა დაცვაც გამოცდაზე მისულ პირებს მოუწევთ. 2020 წლის გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ, ხოლო გამოცდის პერიოდში კონდიციონერი გამორთული იქნება.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. ამას გარდა, გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტები თერმოსკრინინგს გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს საკუთარი პირბადე არ ექნება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მას პირბადეს ადგილზე დაახვედრებს. პირბადის გარეშე გამოცდაზე არავინ დაიშვება.

განათლების სამინისტროს ცნობითვე, გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მითითებებით:

  •  მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  •  მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  •  მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

“ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან”,- აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი