ახალი ამბები

COVID-19-ის სიმპტომიანი აბიტურიენტი PCR ტესტის გარეშე გამოცდაზე არ დაიშვება – გამყრელიძე

9 ივნისი, 2020 • 1365
COVID-19-ის სიმპტომიანი აბიტურიენტი PCR ტესტის გარეშე გამოცდაზე არ დაიშვება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტი, რომელსაც COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდება და წინასწარ ტესტი არ ექნება გაკეთებული, გამოცდაზე არ დაიშვება. ამის შესახებ გამყრელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით დღეს, 9 ივნისს გამართულ  საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა.

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს გამოცდებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ექნება ტემპერატურა 37 გრადუსი ან მეტი, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გაუკეთდეს თუ არა მას PCR ტესტი. აბიტურიენტებს, რომელთაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, შეძლებენ გამოცდაზე დასწრებას. თუმცა მათთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდებათ, გამოცდაზე შესვლისას გამზადებული იქნება ცალკე გამოყოფილი სპეციალური სივრცე.

გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტი, რომელსაც პირველ გამოცდაზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მეორე გამოცდისთვის მას ხელახლა მოუწევს ტესტის გაკეთება, რადგან ერთჯერადად გაკეთებული PCR ტესტით შესაძლოა კორონავირუსის გამოვლენა ვერ მოხდეს.

ბრიფინგზე დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტესტირებების ხარჯს მთლიანად სახელმწიფო, კერძოდ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აანაზღაურებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

პირბადით და კონდინციონერის გარეშე – როგორ ჩატარდება გამოცდები

მასალების გადაბეჭდვის წესი