ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი შოთაძეს შეხვდა, საუბარი ეხებოდა არჩევნებსაც – პროკურატურა

8 ივნისი, 2020 • 1814
აშშ-ის ელჩი შოთაძეს შეხვდა, საუბარი ეხებოდა არჩევნებსაც – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დღეს, 8 ივნისს, გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. უწყება ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებსაც.

პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო  და მასზე დაიგეგმა რიგი ღონისძიებები პროკურატურის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ არჩევნებში, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით, და ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, -განაცხადა  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები :ბაკურ აბულაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, გიორგი ბადაშვილი, ასევე ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში –  მაიკლ გრანტი და საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი, ლიზ ზენტოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი