ახალი ამბები

პირბადის ტარების წესის დარღვევა არა 50, არამედ 20 ლარით დაჯარიმდება – ინიციატივა

8 ივნისი, 2020 • 2640
პირბადის ტარების წესის დარღვევა არა 50, არამედ 20 ლარით დაჯარიმდება – ინიციატივა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აწესებს.

როგორც კანონპროექტის ავტორი ანრი ოხანაშვილი თავდაპირველად ამბობდა, დახურულ სივრცეში — აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში- პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებოდნენ, თუმცა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმდეს, რაც კანონპროექტის ავტორმაც გაიზიარა.

“საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ აღწევდეს მიზანს – არ უნდა იყოს არც იმდაგვარად დიდი, რომ ტვირთად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც იმგვარი ოდენობის, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევისთვის არ იქნება საჭირო 50-ლარიანი საჯარიმო სახდელი და საკმარისი იქნება 20 ლარი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის და შესაძლოა, მისთვის გარკვეული ტვირთი იყოს. განვიხილოთ 20-ლარიანი ჯარიმა და მძიმე ტვირთი არ დავუწესოთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

“ვინაიდან ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა, არამედ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, მე, ისევე როგორც ჩვენი გუნდის უმრავლესობა, ვიზიარებ პათოსს, რომ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ფიზიკური პირებისთვის არ იყოს 50-ლარიანი ჯარიმა, არამედ შევამციროთ და იყოს 20 ლარი”, – განაცხადა, თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე პლენარული სესიის კვირაში უყრის კენჭს.

კანონპროექტით, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა 50 ლარით დაჯარიმდება

მასალების გადაბეჭდვის წესი