ახალი ამბები

კახეთში საკრებულოს დეპუტატს “ოცნებიდან” ორი ადამიანის დაჭრა ედება ბრალად

8 ივნისი, 2020 •
კახეთში საკრებულოს დეპუტატს “ოცნებიდან” ორი ადამიანის დაჭრა ედება ბრალად

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”, გიორგი ჭინჭარაულს, ორი თანასოფლელის დაჭრაში ედება ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილი ადასტურებს.

როგორც პაპიაშილმა “ნეტგაზეთან” საუბრისას განმარტა, შემთხვევა ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მოხდა. პაპიაშვილის ინფორმაციით, დაშავებულები თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში არიან გადმოყვანილი და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭინჭარაული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი