ახალი ამბები

გამოწვევაა კორუფციის შემთხვევები თანამდებობის პირების მონაწილეობით – კვლევა

8 ივნისი, 2020 • 1081
გამოწვევაა კორუფციის შემთხვევები თანამდებობის პირების მონაწილეობით – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში კორუფციას ეხება. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში იშვიათია  წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც, ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

 

ამავე დროს, TI-ის დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, TI-ის განცხადებით, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (92%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (90%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (81%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (60%).

გამოკითხულთა უმრავლესობის (57%) აზრით, გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

 

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47%  ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

TI-ში აღნიშნავენ, რომ კორუფციული დანაშაულის გახსნის დაბალ მაჩვენებელზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2015-2017 წლებში დაფიქსირებული 1 740 კორუფციული საქმიდან მხოლოდ 12% გაიხსნა.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, კორუფციული საქმეების გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას აქვს. როგორც TI-ში აღნიშნავენ, 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1 273 საქმიდან მხოლოდ 47 საქმე (3.7%) გაიხსნა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 37% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.

 

გარდა ამისა, გამოკითხულთა აზრით, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.


კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. მისი საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი