ახალი ამბები

ანაკლიის პორტზე ტენდერის ჩასატარებლად მომავალი წლის დასაწყისი უკეთესი დრო იქნება – თურნავა

7 ივნისი, 2020 • 812
ანაკლიის პორტზე ტენდერის ჩასატარებლად მომავალი წლის დასაწყისი უკეთესი დრო იქნება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის დასაწყისი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ტენდერის გამოსაცხადებლად კარგი დრო იქნება. როგორც თურნავამ “იმედის” ეთერში თქვა, პანდემიის შემდგომ პერიოდში მთავრობის მოლოდინით შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა გაიზრდება, აქედან გამომდინარე, მთავრობას იმედი აქვს, რომ ტენდერი “შედეგიანი იქნება.”

“იმისთვის რომ პორტზე ხელახალი ტენდერი შედგეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. ბუნებრივია, გარკვეული 2-3 თვიანი წყეტა იყო თუნდაც იმიტომ რომ ამ ორგანიზაციების ოფისებს ჰქონდათ მუშაობის საგანგებო რეჟიმი და კონტაქტი შენელდა, თუმცა არ შეფერხებულა. ვმუშაობთ მათთან რომ მათი დახმარებით სატენდერო დოკუმენტების გადახალისება მოხდეს, რადგან ის 2014 წელს მომზადდა და მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა… ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისი უკეთესი დრო იქნება იმისთვის, რომ ეს ტენდერი ჩავატაროთ. ასეთი მოლოდინი გვაქვს, რადგან ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ეს ფორმალური პროცესი არ არის,”-ამბობს თურნავა.

საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თურნავამ ფოთის პორტი ახსენა, სადაც მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერმინალის გაფორთოების პროექტი უნდა დაიწყოს: “კარგია რომ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება არ ჩერდება, მაგალითად ფოთის პორტი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი