ახალი ამბები

ბრაზილიის მთავრობამ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ვებ-გვერდიდან წაშალა

7 ივნისი, 2020 • 1031
ბრაზილიის მთავრობამ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ვებ-გვერდიდან წაშალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი ვებ-გვერდიდან წაშალა მონაცემები, რომლებიც ასახავს კორონავირუსის — SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბს ქვეყნის შტატებსა და მუნიციპალიტეტებში. ხელმისაწვდომი აღარაა არც ინფიცირების შემთხვევების სრული რაოდენობა, ისევე როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

ბრაზილია, ოფიციალური ცნობების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა აშშ-ის შემდეგ — აქამდე არსბეული ინფორმაციებით, დაფიქსირდა 672 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა თითქმის 36 000 ადამიანი.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს თქმით, „მთლიანი მონაცემები არ ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. იდგმება სხვა ნაბიჯები, რათა გამოსწორდეს შემთხვევების შესახებ გაცემული ინფორმაცია და დიაგნოზების დადასტურება“, — დაწერა მან „ტვიტერში“.

ბრაზილიის ფედერალური მთავრობის ვებ-გვერდზე, სადაც აქამდე სრული სტატისტიკა ქვეყნებოდა, ახლა მხოლოდ ბოლო 24 საათის მონაცემებია ხელმისაწვდომი.


პრეზიდენტი ბოლსონარო კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი: მას არაერთხელ განუცხადებია, რომ COVID-19-ის პრობლემა გაზვიადებულია. იგი აგრეთვე აკრიტიკებდა შტატების და მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებებს მკაცრი პრევენციული ზომების მიღებისთვის და მართავდა მრავალრიცხოვან შეხვედრებს მხარდამჭერებთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი